logo
ENG



ოჯახები, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, 15 000 რუბლს [442 ლარი] მიიღებენ

23 აგვ 202411:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/1gs50e2elzljuwl.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებმაც კურსკის ოლქში საკუთარი სახლები დატოვეს, 15 000 რუბლის [442 ლარი] დახმარებას მიიღებენ. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ეს დახმარება 10 000 რუბლის ოდენობით იქნებოდა.

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამავე გადაწყვეტილებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც კურსკში ქონება დაკარგეს, ისინი 150 000 რუბლს [4 426 ლარი] მიიღებენ.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

19 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. 


close დახურვა